Thursday, April 28, 2011

ქართული პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე - უსიყვარულოდ

უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან                      
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!

1914



"რად ყვედრი კაცსა ბანოვანო, პირუმტკიცობას?
თუ ემდური შენ ტრფიალობისა ცვალებადს გრძნობას,
რომ არ გემჭვალვის საუკუნო ტრფიალობითა:
ჰგავს არ პასუხს ჰცემ შენ სულით მშვენიერითა.

სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების,
და ვით ყვავილი თავის დროზე სწრაფად დაჭკნების,
ადრეთვე გულიც, მხოლოდ მისდა შენამჭვალები,
ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცესი!

მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსილი,
რომლით ნათდება ყოვლი გრძნობა გული და სული,                
და კაცსა შორის, ვით კერძოსა ღვთაებობისა,
რად გწამს არ იყოს საუკუნე მადლი ტრფობისა?

თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს,
მას ვერც შემთხვევა და ვერ ხანი ვერ დააბერებს.
მხოლოდ კავშირი ესრეთ სულთა ჰშობს სიყვარულსა,
ეგარდმო, ადლით დაუხსნულად დამტკიცებულსა!

მხოლოდ მათ შორის არის გრძნობა, ესრეთ სანიკველი,
რომ მის უტკბილეს არც თუ არის სასუფეველი!
მას ცისა სხვით აცისკროვნებს მშვენიერება,
და უკვდავებით აგვირგვინებს ჭეშმარიტება!



  ნიკოლოზ ბარათაშვილი

No comments:

Post a Comment