Thursday, April 28, 2011

თანამედროვე პოეზია

          ***

ლიანდაგებზე ჭრიალი ბორბლის,
ხალხით სავსეა თეთრი ვაგონი,
მატარებელი შორიდან მოდის,
ჩვენ კი ხუთნი ვართ ამის გამგონი.
ირგვლივ კლდეები, მომთმენი ჟამის,
მწვანე ველები სისხლით ნაშოვნი,
მატარებელი შორიდან მოდის,
ნელ-ნელა ვრჩებით ოთხი გამგონი.
მდინარეები, წყურვილი სულის,
პირუტყვს არ ტოვებს გარეთ პატრონი,
მატარებელი შორიდან მოდის,
სამნი ვართ უკვე ამის გამგონი.
სიბნელე, ღამე, კივილი სოფლის,
და ვარსკვლავების ფართო კარდონი,
მატარებელი შორიდან მოდის,
გვერდი გვერდს ვსხედვართ ორი გამგონი.
ლიანდაგები, ჭრიალი ბორბლის,
ხალხით სავსეა თეთრი ვაგონი,
მატარებელი შორიდან მოდის,
დავრჩი ეულად ამის გამგონი.     ბიჭი ივანისვილი




მუცოს გაზაფხული


არა, არ ვიცი, რა ჰქვია ნაპირს,
როცა განწყობა მაღლა აიწევს,
როცა სამშობლო ლურჯთვალა აპრილს,
თოთო ბავშვივით გულზე დაიწვენს.

რამ ამაცეტა ამრიგად, მკიხე,
რომ არ მივტირი ძირს და სიძველეს,
მხრებდაბზარული თორღვაის ციხე,
აპრილის წვიმით პირს გაისველებს.

ეს მიხარია-ბილიკებს უვალს,
კვლავ მთავაზობენ, ჭალები, მთები,
ისევ აქა ვარ, მადლობა უფალს,
მთაში ლურჯთვალა გაზაფხულს ვხვდები. გელა დაიაური


No comments:

Post a Comment